16 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროდ უნდა გაამჟღავნოს თავისი დაფინანსების დეტალური განაწილება, მათ შორის, საბოლოო მიმღებების ვინაობა და მათი დაფინანსების წყარო - რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში

ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან, უნდა გაამჟღავნოს როგორ იყენებს ამ თანხებს. ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსება ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდულ შემოწმებას ექვემდებარება - აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტში "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის ვებგვერდზე - eppgroup.eu გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ.

ანგარიშში, რომელიც 2024 წლის 17 იანვრით თარიღდება, საუბარია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, მომავალში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯაროდ გაამჟღავნოს თავისი ფულადი სახსრების დეტალური განაწილება, მათ შორის, საბოლოო მიმღებების ვინაობა და მათი დაფინანსების წყარო.

"ეს არის კარგი პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებით. გამჭვირვალობა არ არის ცალმხრივი გზა. ეს უნდა ეხებოდეს ყველას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკუს პიპერიმ, რომელმაც პარლამენტისთვის ანგარიში მოამზადა.

ანგარიში ხაზს უსვამს არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან წვლილს სხვადასხვა სექტორში. თუმცა, საუბარია იმაზეც, რომ ამჟამად შეზღუდულია ევროკავშირის იმ ფინანსების მონიტორინგი, რომლებიც პირდაპირ გადაეცემა არასამთავრობო ორგანიზაციებს. შესაბამისად, მომხსენებელი მოუწოდებს ევროკომისიას, ყურადღებით შეისწავლოს თანხების გადანაწილება და შეაფასოს მათი გამოყენება ცალკეული ბენეფიციარების მიერ.

ანგარიშში ნახსენებია ე.წ. კატარგეითის კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში.

მარკუს პიპერი აცხადებს: "როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ გავლენა მოახდინონ კანონმდებლობაზე პარლამენტში და ამავდროულად, ფულს იღებენ კომისიისგან, მინიმალური, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ გავხადოთ ეს ყველაფერი გამჭვირვალე. ამ ანგარიშით ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ მექრთამეობის სკანდალები მომავალში." მან ასევე დასძინა, რომ მიუღებელია, რამდენიმე "შავი ცხვრის" გამო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვა.

მემარცხენე ჯგუფების წინააღმდეგობის მიუხედავად, "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ჯგუფმა უზრუნველყო, რომ პარლამენტის ანგარიში ასევე მოიცავდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართ მოწოდებებს, გამოაქვეყნონ ყველა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, ევროპარლამენტარების თანაშემწეებთან ან ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

"ის სტანდარტები, რომლებიც ეხება ბიზნეს ლობისტებს, ასევე უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მოხარული ვარ, რომ EPP ჯგუფის წყალობით, პარლამენტმა დღეს კიდევ უფრო ძლიერი სიგნალი გაუგზავნა [ევროკომისიას]. მე ველი, რომ კომისია სწრაფად იმოქმედებს", - ამბობს პიპერი.

მოხსენებაში, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე შეთავაზებულია არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო აკრძალვის სიის შექმნა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ მათ, ვინც დაკავშირებული იყო სიძულვილის ენასთან ან რელიგიურ ექსტრემიზმთან, დაებლოკოს ევროკავშირის ფონდებზე წვდომა.

დღის ამბები