საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ევროპული, რადგან ეფუძნება რთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
“მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ. სინამდვილეში, კანონი არის სწორედ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე, ევროპულთან ერთად ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს, ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი მოგეხსენებათ, ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში. ასევე, ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი და ასევე, ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით შესაბამისი კანონები.
შარშან იტყუებოდნენ და წელსაც, რომ, თითქოს, ისედაც ყველაფერი იყო გამჭვირვალე, თითქოს, სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რაც საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი. სინამდვილეში, ჩვენ ამოვიღეთ შვიდი ორგანიზაციის მონაცემები, მათ შორის, ყველაზე მდიდარი ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ, ამ ორგანიზაციების ფინანსების, მაქსიმუმ, 18% იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტი არის საჯარო.
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი საერთოდ თავს იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა, როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება? ფულს იღებ, ფულს ხარჯავ, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? რატომ არ გინდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული?! ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. თუ ხარ კეთილსინდისიერი, იღებ ფულს, ხარჯავ, რატომ არ გინდა ხალხისთვის ამის ჩვენება. უბრალოდ პასუხი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით.
გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული, მითუმეტეს, ვერ გაარჩევს გამჭვირვალობა ერთმანეთისგან მტრებსა და მეგობრებს. ის თანაბრად ვრცელდება ყველაზე, მტერსა და მეგობარზეც, კეთილსინდისიერსა და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზეც. ის, რომ საქართველოს მთავრობა მაგალითად არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ, გამჭვირვალობა არის სწორედ, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ის არის, პირველ რიგში, სწორედ მეგობრის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.