რუსთავი 2-ის მხარდამჭერების დაკავებას ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს. განცხადებები ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა ქუთაისში, მერიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დროს გააკეთეს.
გიგა ბოკერია ევროსაბჭოს რეზოლუციას იხსენებს და მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
"სწორედ ამაზე საუბრობდა ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომ საქართველოში არის ყველა ნიშანი, რომ ივანიშვილის რეჟიმი წინასწარ პატიმრობას, წინასწარ შერჩეულ მოსამართლეებსა და პროკურორებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებისთვის,"- განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.
დეპუტატი გოკა გაბაშვილი კი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
"არანაირი დაჭერებით და რეპრესიებით ეს არ შეწყდება. ივანიშვილი და მისი რეჟიმი მიიღებენ საკადრის პასუხს, სადაც არ უნდა სცადონ მათ ადამიანების დაშინება,"- განაცხადა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა.