შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საპარლამენტო ორგანოში სიტყვით გამოსვლა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება, ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო.
როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით საერთო ჯამში 40 პირი დააკავეს.
"მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველამ ვნახეთ, სამართალდამცველები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში იყვნენ მობილიზებულები სხვადასხვა დროსა და ადგილზე გამართულ საპროტესტო აქციებზე და იცავდნენ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. 15 და 16 აპრილს აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.
ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების ისე, აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა. საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ როდესაც, საპროტესტო აქცია, მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს.
ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით საერთო ჯამში დაკავდა 40 პირი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.