ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს. რეზოლუციის ტექსტზე ევროპელი კანონმდებლები დღეს უნდა შეჯერდნენ, ხვალ კი კენჭისყრა იგეგმება.
ამ თემაზე სტარსბურგში ოთხ პროექტს განიხილავენ. ყველა მათგანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას - არ მიიღოს გამჭირვალობის კანონი. მოთხოვნათა შორის არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გაითვალისწინებს ბრიუსელის რეკომენდაციებს, ევრო დეპუტატების ნაწილი "ქართული ოცნების" წევრებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის და სამართალდამცველებისთვის სანქციების დაწესებას ემხრობა. ამ მოსაზრებას იზიარებს ოპოზიციაც.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და საგარეო უწყებისგან, ახსნა-განმარტებისთვის, ლიეტუვის ელჩის დაბარებას ითხოვს იმ განცხადებებზე, რომელიც ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა.
კონკრეტულად მან "გამჭვირვალობის" კანონპროექტის კრიტიკასთან ერთად, საქართველოს შს სამინისტროს, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელების მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვა.
"პოლიცია არის ჩვენი სახელმწიფო, ეს იყო თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოზე" - აცხადებს ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარის ამ მოთხოვნების კომენტირებისას.
"მათი სახით ჩვენ დავინახეთ მწვალებელთა პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების განცხადება, სადაც ბოლოს ყველა ამთავრებდა "თავისუფლება პოლიტპატიმარსო". ვინ არის პოლიტპატიმარი? სააკაშვილი? დასანქცირებას მოითხოვენ ჩვენი ქვეყნის, პატიმარი სააკაშვილის გამოშვებას, პოლიტპატიმარი არისო ამბობენ და ეს თქვენ მიგაჩნიათ ჩვენს მეგობრად? არა, არა და არასდროს არ იქნებიან ასეთი, ამ ღირებულების ევროპარლამენტარები ჩვენი მეგობრები.
მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, რომ ლიეტუვის ელჩი დაიბაროს და კონკრეტულად მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ჩვენი სამართალდამცავის მიმართულებით. პოლიცია არის ჩვენი სახელმწიფო, ეს იყო თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოზე", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.