16 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი: კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვისა და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს

საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა. საზეიმო ღონისძიება მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ პრეზიდნეტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სალომე ზურაბიშვილმა ჯარს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ შავ-ბნელი ძალები საზოგადოების გახლეჩას ცდილობენ. ზურაბიშვილი გამოსვლის დროს პრემიერმა გააკრიტიკა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადება შეუფერებელი იყო როგორც დღევანდელი დღისთვის, ასევე პრეზიდენტის თანამდებობისთვის.

"ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს.

ჩვენს ჯარზე, ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების კიდევ უფრო გაღრმავება. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის კარგ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები