20 მაისი 2024,   06:50
ვრცლად
ჯგუფურად გაუსწორდნენ, ყველანაირი ახსნა-განმარტებისა და საუბრის გარეშე, ამით ცდილობენ დააშინონ ჩვენი საზოგადოება - ირაკლი ნადირაძე ღამით მომხდარ თავდასხმებზე

ღამით მომხდარ თავდასხმებზე, ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ზურაბ ჯაფარიძის ძმას გია ჯაფარიძეს და 11 მაისს დაგეგმილი მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამივე ფაქტზე გამოძიება გუშინვე დაიწყო, რის შედეგადაც დადგინდება, რა მოხდა და ვინ იყვნენ თავდამსხმელები.

"ჯგუფურად გაუსწორდნენ, ყველანაირი ახსნა-განმარტების და საუბრის გარეშე. უბრალოდ, დახვდნენ, უკნიდან მიეპარნენ, უმოწყალოდ სცემეს და გაიქცნენ. ამით ისინი ცდილობენ დააშინონ ჩვენი საზოგადოება, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ გაბრაზებას და მეტ კონსოლიდაციას იწვევს ხალხში და კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით ქუჩაში", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ძალადობაში მონაწილე თითოეულ წევრს მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულისთვის, რომელშიც მონაწილეობენ.

"მინდა გავაფრთხილო ისინი და ვუთხრა - ყველა ვინც ხელს აფარებს დანაშაულს და ფორმალური გამოძიებების იმედად ტოვებს მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებს, პირადად გახდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თითოეული მათგანი, როგორც დამკვეთები და ორგანიზატორები, ასევე შემსრულებლები, ყველანი იქნებით იდენტიფიცირებულები და მოგიწევთ პასუხისგება იმ დანაშაულისთვის, რომელშიც მონაწილეობთ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები