21 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
"ქართული ოცნება" რომ დასრულებულია, გარეგნული დაკვირვებითაც კარგად ჩანს - იაგო ხვიჩია

ღამით თბილისის ქუჩებში კიდევ რამდენიმე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. უცნობი პირები თავს დაესხნენ "გირჩი მეტის თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და პარტია "ახალის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს.

ყურუა ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მას ტვინის შერყევა, მოტეხილობა და სხეულის სხვა ტიპის დაზიანება აქვს.

ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი თავდასხმები ისევ ურთიერთბრალდებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ მათთვის ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, თუმცა, ასეთი ფაქტების შეფასებებისას, მათი აზრით, ოპოზიციას ორმაგი სტანდარტი არ უნდა ჰქონდეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, თქმით, ქუჩაში ხალხის ცემის უკან ხელისუფლება დგას. 

"ყველა კარგად ხვდება და ყველას კარგად ესმის, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორი არის ხელისუფლება. ხალხი ძალიან კარგად აკეთებს ანალიზს, ქუჩა-ქუჩა დასდევენ ხალხს და სახლებში უვარდებიან. ამის გამო კი არავინ ისჯება. მგონი, ყველაფერი გასაგებია,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" "დასრულებულია". 

"ქართული ოცნება" დასრულებულია, ეს გარეგნული დაკვირვებითაც კარგად ჩანს. ამ ქვეყანაში ჭეშმარიტება გაურკვეველი არასდროს დარჩენილა და შეუძლებელია დღევანდელი სამარცხვინო საქციელი გაურკვეველი დარჩეს, ისე, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ, ვინ იყო ამის შემოქმედი,"- აცხადებს ხვიჩია.

დღის ამბები