20 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
ჟანრის კლასიკაა - იჭრება ჩანაწერები, თითქოს, ვიღაცას არეულობის გეგმა აქვს, არადა, ახლა როგორი მშვიდი პროტესტიცაა, მსგავსი არ მინახავს - პაატა მანჯგალაძე ფარულ ჩანაწერებზე

პოლიტიკური ბრალდებების თემაა ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ჩანაწერები. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არგუმენტები არ აქვს, უმრავლესობა კი, რევოლუციური გზით, ხელისუფლების შეცვლის სცენარზე საუბრობს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მიმდინარე პროტესტი "მშვიდია". 

"ეს არის ჟანრის კლასიკა, რომ, თითქოს, იჭრება ჩანაწერები, ასევე, თითქოს, ვიღაცას არეულობის გეგმა აქვს. ათიათასობით ადამიანი გამოდის აქციაზე და ვინ რას გაიფიქრებს და გაითვლის, იმაზე კომენტარი ვაკეთო, არ ვიცი... ახლა როგორი მშვიდი პროტესტიც არის, მსგავსი მე არ მინახავს,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერების გამოჩენა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ წაგებას ნიშნავს, რადგან, რაქვიაშვილის თქმით, "ოცნებას" არგუმენტები არ დარჩა. 

"შინაარსობრივად, ეს ფარული ჩანაწერები რომ იდება, ნიშნავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ"  პოლიტიკურად წააგო და არგუმენტი არ დარჩა. როდესაც ქუჩაში 50 000 ადამიანი გამოდის, იქ ყველანაირი ხალხი იქნება, რა თქმა უნდა, მე მგონი, ამ ჩანაწერებში არაფერი არ არის და შეიძლება ყველაფერიც იყო,"- აცხადებს რაქვიაშვილი. 

დღის ამბები