ოპოზიციის ნაწილი თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპელ კოლეგებს ხვდება. "რედისონში" შეხვედრა მიმდინარეობს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან. მათ შორის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებთან.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ განხილვის მთავარი თემა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საინტერესოა, როგორი იქნება ევროპელი კოლეგების თანადგომა.
"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ხედავენ, რომ საქართველოში არის ევროპული იდეა და საქართველოს ახალგაზრდები ისე იბრძვიან ევროპისთვის, როგორც არავინ არასდროს. საქართველო და უკრაინა არის მთავარი ფრონტი ევროკავშირის და დასავლეთისთვის და ცივილიზაციისთვის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ იდეის დასაცავად, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მათაც ძალიან სერიოზული თანადგომა უნდა გამოგვიცხადონ და მაინტერესებს, როგორი იქნება მათი თანადგომა," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ევროპელი კანონმდებლები საქართველოში 15 მაისამდე დარჩებიან, დელეგაცია შეხვდება მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.