შემაშფოთებელი მდგომარეობა - ასე ეხმაურებიან ამერიკაში რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ყურადღებით განაგრძობს დაკვირვებას.
კურიერის გადამღები ჯგუფი ამერიკაში ანალიტიკოსებსაც ესაუბრა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო მედიისა და სიტყვის თავისუფლების კუთხით Freedom house-ის რეიტინგში დაქვეითდეს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ დროისთვის საქართველო ადგილს კვლევის შედეგებში ევროპული სახელმწიფოების გვერდით იკავებს.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ პროცესების ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა ქვეყანა დააზარალოს.
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე მარკ ტონერმა გამართული ბრიფინგის დროს ისაუბრა.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. დაჟინებით მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებლივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტებით და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებული შტატების ხელისუფლება და საერთშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტურ მედიაგარემოს, რაც მთელი რეგიონისთვის მისაბაძად ითვლებოდა. ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქნის ამ გარემოს, ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით," - განაცხადა მარკ ტონერმა.