ძალადობა, ტერორი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები - პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ ბულინგის კამპანიაზე საუბრობს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება,” - წერს შალვა პაპუაშვილი და "ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს, რომელშიც საუბარია ამერიკისა და ევროკავშირის დემოკრატიის ფონდების და ასევე "სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის “სირცხვილია-ს” წევრების მხრიდან, "ქართული ოცნების" დეპუტატების მიმართ განხორციელებულ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებზე.
პარლამენტის სპიკერი წერს, რომ რადიკალიზმის ამ შემთხვევებზე ყველა უცხო ქვეყანამ შესაბამისი დასკვნა უნდა გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს.
თავდასხმებზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილიც და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს დაგმონ ძალადობა და თავდასხმა “ ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე, პარტიის ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე.
"იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლის მხრიდან, რომელმაც ძალაუფლება და ხელისუფლება აქცია ფორმალური და არაფორმალური ბანდების გაერთიანებად, ძალადობაზე საუბარი არის ცინიკური. ეს ადამიანები ყოველდღიურად მიმართავენ ტერორს ყველა ოპოზიციურად და, ზოგადად, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის მიმართ. ისინი გადმოსულები არიან ღია ტერორზე", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.