ბულინგი და ძალადობრივი მოწოდებები - სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია მმართველ გუნდს საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის წახალისებაში ადანაშაულებს და საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
გუშინ, "გირჩი მეტი თავისუფლების" ერთ-ერთ წევრს ცოტნე კობერიძეს, 2 პირი თავს დაესხა.
როგორც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, მიზეზი, რის გამოც მსგავსი ფაქტები ხდება, "ადამიანების დაშინებაა":
"სახლიდან გამოვიდა, ავტობუსის გაჩერებასთან დადგა, რა დროსაც მას ორი ადამიანი დახვდა ელექტროშოკებით, კადრები გადაღებულია. ერთმა მათგანმა თვითონ მოირტყა ეს ელექტროშოკი და გაქცევის დროს ეცემოდა. ეს იმ ტერორის გაგრძელებაა, რომელიც დიდი ხანია დაიწყეს. მიზეზი ალბათ ადამიანების დაშინებაა,"- აღნიშნავს პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ - "შტურმი დემოკრატიულ ძალებზე, ოფისის დარბევა, ჩასაფრებები სადარბაზოებთან, ფიზიკური ანგარიშსწორება - სწორედ ეს არის რუსული კანონი. ამას არანაირი სამართლებრივი დედლაინი არ სჭირდება, არც ხელმოწერა,"- აღნიშნავს ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.