16 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილმა ეფექტურად შეასრულა კონსტიტუციით დაკისრებული როლი და მოიხადა პატრიოტული ვალი" – ვინ აწერს პრეზიდენტის ინიციატივას ხელს

უკვე ოთხი საათია, პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქარტიას ხელს აწერენ. ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათზე დაიწყო.

"ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავე იქნება. 

"პარტია "ლელო" იქნება ყველგან, სადაც ასეთი ერთობა იქნება და არა ერთიანობა. დიახ, ეს არის ერთობა და არა რაღაც ერთიანი სია და არა პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც, თვეზე მეტია, ქუჩაში აპროტესტებს რუსულ ხელისუფლებას. ამ ბრძოლაში ვიქნებით მოწინავე პოზიციებზე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პრეზიდენტმა, ქარტიის შემუშავებით, კონსტიტუციით დაკისრებული როლი შეასრულა.

"საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეფექტურად შეასრულა კონსტიტუციით დაკისრებული როლი და მოიხადა პატრიოტული ვალი. სათავეში ჩაუდგა იმ პროცესს, საიდან გამომდინარეც შედგა ეს დოკუმენტი - პროცესი, რომელიც გულისხმობს ქართველი ხალხისა და კონსტიტუციური ნების აღსრულებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა საკონსულტაციო ფორმატი პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისთვის და საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პარტია "ახალის" ხელმოწერა ამ დოკუმენტზე არის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი ასახავს მომავლის საქართველოს. აქვე, გაწერილია, უკეთესი მომავლის საქართველოსთვის რა ნაბიჯებია გადასადგმელი აწმყოში",- განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტიის "გირჩი-მეტი თავისუფლება" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ, ქარტიით ნაკისრი ვალდებულების შემდეგ, ვადამდელი არჩევნების ჩატარება სწორი ნაბიჯი იქნება.

"გასაგებია, რა ტიპის არჩევნებზე მივდივართ. გასაგებია, რომ ამ არჩევნების შედეგები ვერ ასახავს იმ პოლიტიკურ ნებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში არსებობს, ამიტომ გარკვეული ვადის შემდგომ, როდესაც ამ რეფორმის გატარება მოესწრება, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მგონია, რომ არის სწორი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან იმის დემონსტრირება,რომ მათ მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობა შეუძლიათ.

"ძალიან მნიშვნელოვანი არის განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთობა, იმ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გადაიდგას ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ. დემონსტრირება, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ შეთანხმება იმ ფუძემდებლურ საკითხებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის ჩვენი ქვეყნის შიგნით და ამ ქარტიაში სწორედ ეს არის მოცემული", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები