16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
პრემიერის ანგარიში - ნატო-საქართველოს თანამშრომლობა აქტიურად წარიმართა, ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში დადასტურებულია ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა აქტიურად წარიმართა, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში დადასტურებულია ალიანსის ერთგულება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომუნიკეში კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოწოდებულ იქნა, რომ რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული თავისი საოკუპაციო ძალები, უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

„კომუნიკეში მოკავშირეებმა მაღალ დონეზე შეაფასეს საქართველოს ძალისხმევა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი როგორც საქართველოში, ისე ნატო-ს შტაბბინაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 2024 წელს პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, რომლის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC) დონეზე. საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულება იყო 2024 წლის მარტში ქვეყანაში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი. 2023 წლის ნოემბერში მეხუთედ ვუმასპინძლეთ ნატო-ს სამხედრო კომიტეტს. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს სტუმრობდა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა. ალიანსთან მიმდინარეობდა თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC), წლიური ეროვნული პროგრამისა (ANP) და გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფორმატების გამოყენებით. საანგარიშო პერიოდში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ექვსი სხდომა. შემუშავდა 2023 წლის წლიური ეროვნული პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტი და შედგა ნატო-ს შემფასებელი მისიის ვიზიტი 2023 წლის ოქტომბერში. ასევე შემუშავდა საქართველოს 2024 წლის რიგით მე-16 წლიური ეროვნული პროგრამა (ANP). პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ა.წ. 29 აპრილს წარედგინა ნატო-ს მხარეს. ამასთან ერთად მიმდინარეობდა მადრიდის სამიტზე მიღებული საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებების კონკრეტული ელემენტების განხორციელება გაძლიერებული არსებითი პაკეტის (SNGP) მეშვეობით“, – ნათწქვამია დოკუმენტში.

ნატო-ს გარდა, წლიურ მოხსენებაში საუბარია ორმხრივ ურთიერთობებზე. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, გრძელდებოდა თანამშრომლობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობების სხვადასხვა საკითხზე.

„ამასთან, აქტიურად გრძელდებოდა თანამშრომლობა ამერიკულ ბიზნესწრეებთან, წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან, არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან, კვლევით ინსტიტუტებსა და აკადემიურ საზოგადოებასთან. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა. 2023 წლის 14−17 ივნისს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ჯორჯიის შტატის დელეგაცია აღნიშნული შტატის გუბერნატორის, ბრაიან კემპისა და პირველი ლედის, მარტი კემპის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი, ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის  შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები. 2023 წლის 27 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის იმჟამინდელი ხელმძღვანელი, ჯეიმს ო’ბრაიენი, რომელსაც თან ახლდნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი, 2023 წლის 5-6 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე − ჯოშუა ჰაკი, 2024 წლის 17 იანვარს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ, 2024 წლის 14 მაისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრასიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯოშუა ჰაკი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მთავრობაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა ძალაში შესული საკანონმდებლო აქტები, რომლებშიც, მათივე ცნობით, მაქსიმალურადაა შენარჩუნებული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა: მათ შორისაა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (აშშ-ის ბიუჯეტი − Consolidated Appropriations Act FY24), რომლის ფარგლებშიც, ზედიზედ მერვე წელია, აისახება საქართველოს მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და გამოხატულია ურყევი პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე, როგორც შენარჩუნებულია საქართველოსთვის გათვალისწიენბული დაფინანსების უმაღლესი ნიშნული ($ 132 025 000).

დღის ამბები