საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლებისა და ხალხთა შორის კონტაქტების მიმართულებით, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, 2023 წლის 31 ივლისს, მიღებულ იყო „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“.
"შედგა უმაღლესი დონის შეხვედრები ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან, სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ლი ციანგთან; შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში, რომელსაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა. განხილული იყო სატრანსპორტო დერეფნები, ტვირთების გადაზიდვა შუა დერეფნის მეშვეობით და საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობები, საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობა, ქართული ექსპორტის გაზრდა ჩინურ ბაზარზე და ჩინელი ტურისტების რაოდენობის გაზრდა საქართველოში. ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა. ორ ქვეყანას შორის მიღწეულ შედეგებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2024 წლის 10 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება − „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად განთავისუფლების შესახებ“. შეთანხმება 2024 წლის 28 მაისიდან ამოქმედდა.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და ჩინეთს შორის მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შედეგები სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა 5 სხვადასხვა დოკუმენტს სატრანსპორტო, სავაჭრო, განათლების, ინსტიტუციური თანამშროლობისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. 2023 წლის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წელს საქართველოს ეწვია 48.304 ჩინელი ტურისტი (ზრდა, გასულ წელთან შედარებით, 555%) ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა იაპონიის ინტერესი საქართველოს მიმართ. სხვა ტრადიციულ თანამშრომლობასთან ერთად, იაპონური მხარე აქტიურად დაინტერესდა საქართველოში საინვესტიციო პოტენციალით და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობებით, აგრეთვე მსხვილმასშტაბიან პროექტებში მონაწილეობით (საზღვაო ელექტრო და ბოჩკოვანი კაბელები)“, – ნათქვამია დოკუმენტში.