შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ საქართველოში კონკრეტული პირების მიმართ სანქციები დაწესებული არ არის, თუმცა, უკვე შემუშავებულია სანქციების ახალი პოლიტიკა. მიზეზი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონია, რომელიც, მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს აზიანებს. საკითხზე შეკითხვა სპიკერს ისევ იმ ჟურნალისტმა დაუსვა, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, FARA-ის რეესტრშიც ირიცხება.
მეთიუ მილერის პასუხი, სახელისუფლებო გუნდისთვის, პასუხია იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა სანქციებთან დაკავშირებით გაავრცელა. ხელისუფლების ოპონენტებმა თქვეს, რომ მმართველი გუნდის გარკვეულ ნაწილს სავიზო შეზღუდვაზე შეტყობინებები უკვე გაეგზავნათ. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რატომ უნდა მიმართოს შეერთებულმა შტატებმა სანქციებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პარტნიორებისგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო ერთ არგუმენტიც კი არ მოუსმენიათ.
მეთიუ მილერის განცხადების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები დღესაც ამტკიცებდნენ, რომ მმართველი გუნდის გარკვეულმა ნაწილმა სავიზო შეზღუდვებზე შეტყობინებები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღო.
სანქციებზე საუბარი არასერიოზული და კონტრპროდუქტიულია პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძე, ასევე, არასერიოზულად აღიქვამს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მას სიცრუეს უწოდებს. სახელისუფლებო გუნდისთვის მიუღებელია, კანონის დამტკიცების გამო, პოლიტიკოსებისთვის შეზღუდვის დაწესება.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე კრიტიკა შეერთებული შტატებიდან მას შემდეგ ისმის, რაც "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი მეორედ დაანიცირა.