როგორი პოლიტიკური სპექტრი მოიყრის თავს ევროპის ახალ საკანონმდებლო ორგანოში და რა რეფორმებს გაატარებენ კონტინენტის ფორმირებისთვის - ამას ევროპარლამენტის მიმდინარე არჩევნები გადაწყვეტს. არჩევნები მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, თუ ვის აირჩევენ დეპუტატები საკვანძო თანამდებობებზე ხელმძღვანელ პირებად.
ურსულა ფონ დერ ლაიენი გეგმავს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახლა იყაროს კენჭი. მას ხმა უკვე ახლად არჩეულმა ევროპარლამენტარებმა უნდა მისცენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში ის პოლიტიკური ძალები მოიყრიან თავს, ვინც ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკას არ იზიარებენ, დიდია შანსი, ლაიენის კანდიდატურა მხარდაჭერის გარეშე დარჩეს.
ევროპარლამენტის არჩევნები ხმაურიანი სკანდალების ფონზე მიმდინარეობს. გამოცემა "პოლიტიკოს" ცნობით, შარლ მიშელი ცდილობს, ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას ხელი შეუშალოს. სტატიაში ნათქვამია, რომ მიშელს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჟოზეფ ბორელის შეცვლა სურს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. რაც შეეხება უშუალოდ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს - წყაროს ცნობით, მათ საკვანძო პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ - მიშელი აპირებს, მოკავშირეებად ფონ დერ ლაიენის მოწინააღმდეგეები ჰყავდეს.
ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან ესტონეთი პირველია, სადაც ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო. საკუთარი არჩევანი უკვე ათასობით ადამიანმა დააფიქსირა. ესტონეთს 720-ადგილიან ევროპარლამენტში 7 დეპუტატი ეყოლება, წინასწარი მონაცემებით კი, არჩევნებში ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს კონსერვატიული პარტია "სამშობლო", გაიმარჯვებს, რომელიც ბოლო ექვსი თვეა, გამოკითხვებში ლიდერობს.
ევროპარლამენტარების რაოდენობა თითოეული ქვეყნიდან მისი მოსახლეობის პროპორციულია. იქიდან გამომდინარე, რომ გერმანია ევროკავშირის ყველაზე დასახლებული ქვეყანაა, მას 96 მანდატი ექნება, საფრანგეთს - 81, ხოლო მალტას, კვიპროსსა და ლუქსემბურგს - 6 ადგილი. ევროპარლამენტის 720 წევრის ასარჩევად, კენჭისყრაში მონაწილეობას თითქმის 373 მილიონი ევროპელი მიიღებს. არსებობს ვარაუდი, რომ ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენე დეპუტატების რაოდენობა, შესაძლოა, 25%-მდე გაიზარდოს, მანდატების ნაწილი კი დაკარგონ მემარცხენე ცენტრისტული, ლიბერალური და მწვანეთა მოძრაობის პარტიებმა.
გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობა გაზრდილია ახალგაზრდა ამომრჩევლებში. მათ შორის არიან ისინიც, ვინც ამ არჩევნებზე პირველად მისცემენ ხმას. ამის ხელშემწყობ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აპლიკაცია "ტიკ-ტოკიც" სახელდება. გარდა ამისა, ულტრამემარჯვენეების წარმატებას ისიც განაპირობებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა უკონტროლო მიგრაციით, ენერგო რესურსებზე ფასების ზრდით და ცხოვრების გაძვირებით. საზოგადოება უკმაყოფილოა ე.წ. "მწვანე პოლიტიკით", რამაც ბევრ ქვეყანაში ფერმერებს სირთულეები შეუქმნა.
ვარაუდობენ, რომ, თუ ულტრამემარჯვენე პარტიები წარმატებას მოიპოვებენ, არსებობს შანსი, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შემცირდეს, რადგან მემარჯვენე პარტიები ხშირად, ღიად თუ ფარულად, კრემლის პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან. ამას ემატება ისიც, რომ ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის რუსეთთან კავშირები ბელგიის ხელისუფლების გამოძიების საგანია.
ევროპარლამენტის არჩევნები 9 ივნისს დასრულდება.