აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე, სადაც უილიამ კორტნიმ, რომელიც საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩია, საქართველოში ვითარება მაიდნის მოვლენებს შეადარა, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.
“ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, კორტნი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და მის აზრებს დიდ პატივს სცემს, თუმცა, ამ მოცემულ სიტუაციაში საქართველოს არავითარი რევოლუციის საჭიროება არ უდგას.
“უილიამ კორტნი არის ძალიან პატივსაცემი პიროვნება, ძალიან გამოცდილი დიპლომატი, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი და მოყვარული აშშ-ში. მე მის აზრებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის ყველაზე არსებითი განხილვა “მეგობარი აქტის“ კონტექსტში. მე ვფიქრობ, რომ არავითარი რევოლუციის საჭიროება ჩვენს ქვეყანას არ უდგას, იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ ჩვენ, როგორც ერი და საზოგადოება ვართ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, რომ რუსების ბოგინი ხელისუფლებაში არ შეიძლება, არ არის ქართული და არ არის სწორი. შესაბამისად, ჩვენ როგორც საზოგადოება ვიმოქმედებთ დამატებით ამისთვის 26 ოქტომბერს,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით ხაჯიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არჩევნების დღეს შეიცვლება.
ცნობისთვის, კონგრესმენებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ და “megobari act-ზე“ იმსჯელეს.
“შტატები არ დაუშვებს ანტიდემოკრატიული ქმედებების უპასუხოდ დატოვებას და საჭიროა “კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს საქართველოს სვლას რუსეთის ორბიტისკენ,“ - ასეთია მათი მთავარი გზავნილი. სხდომაზე უილიამ კორტნიმ რომელიც საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩია, საქართველოში ვითარება მაიდნის მოვლენებს შეადარა. კონგრესში ე.წ. მოწმის სტატუსით იმყოფებოდნენ ნატალია საბანაძე და ივანე ჩხაიძე, რომლებმაც სანქციები და ვიზების შეზღუდვა მოითხოვეს. მათ “ქართულ ოცნებაში“ მოღალატეები უწოდეს.