კონგრესში “მეგობარი აქტის“ განხილვა ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა თბილისში. მმართველი გუნდი მწვავედ აკრიტიკებს კონგრესში ნატალია საბანაძისა და ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სოროსის ფონდის წარმომადგენელი კონგრესმენებთან არასამთავრობო სექტორის, გახარიას პარტიის მრჩეველი კი ოპოზიციის სახელით საუბრობდა.
განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში, სადაც საბანაძე-ჩხიკვაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ აშშ საქართველოს ნამდვილი მეგობარია.
“ქართულ ოცნებას“ ეშინია საერთაშორისო სანქციების, ინდივიდუალური სანქციების. სწორედ ამიტომ არიან ახლა ასე, რომ თითქოს ყველა მათი მტერია და ყველა მათი მოწინააღმდეგე. საქართველოს ნამდვილი მეგობრები ჰყავს და აშშ ამის ნამდვილი მაგალითია,“- აცხადებს ფარულავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი“ წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, სამოქალაქო სექტორი ვალდებულია ისაუბროს არსებულ გამოწვევებზე და ეს ბუნებრივია.
“მაშინ, როდესაც იმ დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით და ავტორიტარიზმის ტენდენციასთან დაკავშირებით არის კითხვები, ბუნებრივია სამოქალაქო სექტორი, რომელსაც რუსული კანონით “ქართული ოცნება“ მტრად აცხადებს, არის ვალდებული რომ ისაუბროს არსებულ გამოწვევებზე,“- აცხადებს თეონა აქუბარდია.