შეერთებულ შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებას, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თბილისში აფასებენ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს მიუღებელია.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მიჰყვება იმ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში იყოს დაცული რეალური სუვერენიტეტი.
"ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე. როდესაც გრიგორიადისი შეწყალებულია იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ეს არის ძალადობის ხელშეწყობა და როდესაც პოლიციელი სანქცირდება, ეს არის ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ თბილისშიც მივიღოთ უკრაინული მაიდანიზაცია, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება. ჩვენ გვირჩევნია, ვიყოთ დასანქცირებული, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები. მმართველი გუნდი მიჰყვება იმ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში იყოს დაცული რეალური სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არა დამოკიდებულება. ჩვენი მიზანი არის, რომ პარტნიორებთან გვქონდეს თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები "ქართული ოცნების" წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს დაუწესა. მათ შორის - იმ ინდივიდებსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განმარტებით, "პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე". საუბარია 20-დან 30-მდე პირზე, რომელთა ვინაობა არ საჯაროვდება. მეთიუ მილერის განმარტებით, სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, ამიტომ კონკრეტულ გვარებს ის ვერ დაასახელებს.