შეერთებულ შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებას, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თბილისში აფასებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არიან არასასურველი პირები და პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ შეერთებული შტატების გვერდში დგომის გარეშე, საქართველო ვერ გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
"ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან არასასურველი პირები და პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაუჭირდება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მისცეს ის მხარდაჭერა, რომლის გაცემაც სურს ამერიკის შეერთებული შტატებს. ეს ნიშნავს ეკონომიკის განადგურებასა და კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს. შეერთებული შტატების გვერდში დგომის გარეშე, საქართველო ვერ გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები სანქციებით, მთელი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს აზიანებენ.
"ოცნების კონკრეტული ადამიანები, თუნდაც ამ სანქციებით, საბოლოო ჯამში, აზიანებენ მთელი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. ჯერ კიდევ არსებობს დრო და შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ და თავი დაანებონ ამ ქვეყნის დაზიანებას." - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები "ქართული ოცნების" წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს დაუწესა. მათ შორის იმ ინდივიდებს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განმარტებით, პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. საუბარია 20-დან 30-მდე პირზე, რომელთა ვინაობა არ საჯაროვდება. მეთიუ მილერის განმარტებით, სავიზო მონაცემები, კანონით, კონფიდენციალურია, ამიტომ კონკრეტულ გვარებს ის ვერ დაასახელებს.