16 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
საზოგადოების დაკვეთა და ელექტორატის 90-ზე მეტი პროცენტი არის მომხრე, რომ ქვეყანაში აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა - დავით მათიკაშვილი

დღეს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ბიუროზე დარეგისტრირდება. საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ცვლილებები მოსახლეობის დაკვეთაა, რაც კარგად გამოჩნდა საყოველთაო სახალხო განხილვების დროს.

“ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ჩვენი ელექტორატის 90-ზე მეტი პროცენტი არის მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა. პროპაგანდას ვუსვამ ხაზს, კიდევ ერთხელ ყველას უფლება არის სათანადოდ დაცული ჩვენს სახელმწიფოში, მათ შორის, უმცირესობის ჯგუფების, თუმცა პროპაგანდის კუთხით უნდა იყოს დაცული მთლიანად საზოგადოება. ოჯახის სიწმინდის და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაბამისი საკანონმდებლო დანაწესები სჭირდება,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

“ხალხის ძალის“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით კი, საკითხი დგას ძალიან მარტივად - ლგბტ პროპაგანდა არის ასაკრძალი, რადგან პირველ რიგში, არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიაზე მოქმედებს და, ასევე, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ სურს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. გარდა ამისა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციასაც უპასუხა, რომლებიც საკანონმდებლო პაკეტს გამოგონილი პრობლემა უწოდა. მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდა უკვე შეღწეულია ხელოვნებაში, ბავშვებში, ინტერნეტსა და ტელევიზიაში. მისივე თქმით, ფაქტია, რომ ესპანეთში ბავშვების გეი აღლუმები ტარდება.

„საკითხი დგას ძალიან მარტივად, რაც სხვათაშორის უნდა ვთქვათ, რომ ევროპის საზოგადოებამ და მისმა უმრავლესობამ უკვე დაადასტურა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ასაკრძალი გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ეგ ერთი არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიაზე მოქმედებს და მერე მეორეც - ერთსქესიანთა დაკანონება არ სურს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას და ოპოზიციას უკვე აქვს პოზიცია, რომ ის ემხრობა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, მათ შორის ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას. მათი ეს ბოდიალები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ გამოგონილია პრობლემა, ეს არავის არ სჯერა.

გამოგონილი პრობლემა როგორ არის როცა აგერ ჩვენ გვაქვს უკვე ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ ლგბტ პროპაგანდა უკვე არის შეღწეული ხელოვნებაში, ბავშვებში, ინტერნეტში, ტელევიზიაში და რაც მთავარია ფაქტებია, რომ გეი აღლუმები ტარდება ბავშვები ესპანეთში,“ - აცხადებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ცვლილებები ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება. ის საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს, ასევე, ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.

დღის ამბები