“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ბიუროზე გადის. სხდომა ამ წუთებში იწყება. ამის შემდეგ განხილვები ჯერ კომიტეტებზე დაიწყება, შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
ოპოზიცია პროცესში მონაწილეობას არ აპირებს და თვლის, რომ მმართველი გუნდი ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან სხვა თემებზე ცდილობს. უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ ცვლილებები მოსახლეობის დაკვეთაა, რაც კარგად გამოჩნდა საყოველთაო სახალხო განხილვების დროს.
ცვლილებები ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება. ის საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს, ასევე ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ წარდგენილი კანონპროექტი ხელისუფლებას საარჩევნო პიარისთვის სჭირდება.
“ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს გეგმა როგორ უნდა გაძლიერდეს ოჯახი. ოჯახები გაძლიერდება როდესაც გაძლიერდება ეკონომიკა და სამუშაო ადგილები შეიქმნება ქვეყანაში, ჩამოვა ხალხი ემიგრაციიდან, დედებს არ მოუწევთ შვილების გარეშე ცხოვრება და გაერთიანდება ოჯახები. ეს არის ნამდვილი ოჯახური ღირებულებების დაცვა. სად არის ერთსქესიანთა ქორწინება საქართველოში?! ეს სჭირდებათ საარჩევნო პიარისთვის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
“ევრო ოპტიმისტების“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ წარდგენილი კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს არაკონსტიტუციურია.
“ის, რაც არის არაკონსტიტუციური, ბუნებრივია, რომ მე ამის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ. არავითარ ლგბტ პროპაგანდასთან ეს კანონი დაკავშირებული არ არის. ეს არის დამატებითი ინსტრუმენტების აღება ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.