16 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ცოტა გაუგებარია, როდესაც გვესმის შენიშვნები სხვა ქვეყნებისგან, მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში

ჩვენი ქართული კანონი არის ყველაზე ლიბერალური ამ მიმართულებით არსებულ კანონებს შორის. ჩვენი, ქართული კანონით ყველაზე ნაკლები მოთხოვნა არის წაყენებული სუბიექტების მიმართ. ერთადერთი მოთხოვნა არის - წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის შევსება და ერთადერთი პასუხისმგებლობა არის - ვინც არ შეავსებს ამ დეკლარაციას, მისთვის ჯარიმა არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში ანალოგიური კანონმდებლობა გაცილებით მკაცრია და მაგალითად, FARA-ს ანგარიშებში ისიც კი არის აღნიშნული, თუ ვინ ვის დაურეკა. პაპუაშვილი ასევე საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა საქართველოს შესახებ.

“მე ორი რამ ძალიან მაწუხებს ამ რეაქციების დროს. პირველი არის ის, რომ დღემდე ვერავისგან - ვერც ევროპელი და ვერც ამერიკელი ლიდერებისგან ვერ მოვისმინეთ დაპირება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ბიუჯეტებიდან დახარჯული ფული საქართველოში იქნება გამჭვირვალე. ვიცით, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს თუ სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფს.

და მეორე, როდესაც ზოგან უკვე წლებია მოქმედებს, ზოგან კი ახლახან საფრანგეთში მიიღეს უფრო მკაცრი კანონი, ვიდრე საქართველოში არის, ეს ნამდვილად გაუგებრობას იწვევს - რასთან გვაქვს საქმე? კიდევ ერთხელ, დღეს საფრანგეთში რომ იყოს ორგანიზაცია “სირცხვილია“, რომელსაც აფინანსებს საქართველოს მთავრობა და ფუნქციონირებს საფრანგეთში და “მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას მოახდენდა საფრანგეთში, მის მიმართ იქნებოდა უფრო მკაცრი რეგულაციები, ვიდრე გათვალისწინებულია საქართველოში.

სხვა ქვეყნებში არის ვალდებულებები უფრო დეტალური ანგარიშისა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ზოგ ქვეყნებში ხედავთ თქვენ, მათ შორის “ფარას“ შემთხვევაში რამხელა დეტალები საჯაროვდება, ვინ ვის დაურეკა ტელეფონზე და რაზე ელაპარაკა - ესეც კი არის ხოლმე “ფარას“ ანგარიშებში წარმოდგენილი,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები