16 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
“ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტს ოპოზიცია მხარს თუ არ დაუჭერს, დადგება არა ხალხის, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს დაინიცირდა და ბიუროს მიერ უკვე შესაბამის კომიტეტებს გადაეცემა განსახილველად.

პაპუაშვილის თქმით, ამის შემდეგ პარლამენტი საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატში დაიწყებს აღნიშნული პაკეტის განხილვას.

პაპუაშვილმა ოპოზიციის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამ კანონპროექტს, “საბოლოოდ დადგება არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს“.

“ამ კანონპროექტზე და პაკეტზე, როგორც ვთქვი, 17 მაისს შედგა ფაქტობრივი სახალხო რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა, არა მხოლოდ ჩვენი სახალხო განხილვების დროს, რომელიც რეგიონებში იყო, არამედ 17 მაისს უკვე ქუჩაში გამოსვლით მხარი დაუჭირა ამ პაკეტს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ამაშია მთელი პარადოქსი. ერთის მხრივ ამბობენ, რომ თითქოს საარჩევნო მიზნები აქვს ამ ყველაფერს. ანუ რა გამოდის, ამით აღიარებენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხისგან მოწონებული კანონპროექტი. სინამდვილეში ხომ ამას აღიარებენ ამ ყველაფრით. თუკი ეს ქართველი ხალხის ინტერესშია, მაშინ რატომ არ უჭერენ მას მხარს.

თუკი ეს ქართველი ხალხის მიერ არის მოწონებული, რატომ არ უჭერენ მხარს. გამოდის, რომ ისინი ხელმძღვანელობენ არა ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებიდან, არამედ ხელმძღვანელობენ მათი უცხოელი პატრონების დაკვეთით, კარნახით, წარბის აწევით თუ ა.შ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სასარგებლო იდეების ჭიდილი იყოს, არამედ მთლიანად უყურებს იმას, რას ეტყვიან გარედან, როგორ საარჩევნო ტაქტიკას დაუსახავენ, რომელ კანონს დაუჭირონ მხარი და რომელს არა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები