“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები გამომდინარეა თავად საპენსიო ფონდის ეფექტიანობისა და მათ შორის, საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად მართვის საჭიროებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს მოძებნოს ახალი თემები, ვინაიდან გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით ყალბი პროპაგანდა ვერ შედგა.
“რაც შეეხება საპენსიო ფონდს, პირველი მოსმენით მსჯელობისასაც იყო ამაზე საუბარი, თუ რა არის საფუძველი, მათ შორის, სხვადასხვა სახის რეკომენდაციები სტრუქტურასთან დაკავშირებით. როდესაც არსებობდა ორი სხვადასხვა საბჭო და ორი ბორდი, ამის გაერთიანება ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომელიც დიდი ხანია, რამდენიმე წელია იყო განსჯის საგანი. ამიტომ, ეს არის გამომდინარე თავად საპენსიო ფონდის ეფექტიანობისა და მათ შორის, საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად მართვის საჭიროებით.
ხედავენ, რომ მათი ყალბი პროპაგანდა გამჭვირვალობის ქართულ კანონთან დაკავშირებით ვერ შედგა, ახლა ცდილობენ მოძებნონ ახალი თემები. ერთ რამეს მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნებისთვის. თუკი რამე აქვთ საარჩევნოდ სათქმელი მოსახლეობისთვის, გარდა იმისა, რომ არიან მოღალატეები და იტყვიან, რომ ქართველო ხალხო, იქნებ მოღალატეებს რამენაირად მოგცეთ ხმაო, ამის გარდა თუ რამე ექნებათ სათქმელი, უთხრან ქართველ ხალხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.