16 ნოემბერი 2024,   14:08
ვრცლად
როგორ გადანაწილდა 720 მანდატი - არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტში ძალთა ბალანსი შეიცვალა

ულტრამემარჯვენეების ტრიუმფი, ლიბერალების მარცხი და ცენტრისტების შენარჩუნებული დომინანტობა ევროპარლამენტში - უკვე ცნობილია, თუ როგორი იქნება ახალი მოწვევის ევროპარლამენტი და რომელი პოლიტიკური პარტიები შეძლებენ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებას. არჩევნების შედეგების მიხედვით, ევროპის საკანონმდებლო ორგანში ლიდერობას ინარჩუნებს ევროპის სახალხო პარტია, რომელსაც 720-ადგილიან პარლამენტში 185 მანდატი ექნება.

ისევ მეორე ადგილზეა "სოციალ-დემოკრატების" ბლოკი 137 მანდატით. ხმები დაკარგეს "მწვანეებმა" და ლიბერალურმა ჯგუფმა "განაახლე ევროპა"-მ, რომელსაც ახალ პარლამენტში ათობით მანდატით ნაკლები ექნება. მანდატების რაოდენობა გაეზარდათ ევროპარლამენტში "კონსერვატორების და რეფორმისტების" ჯგუფს. ამ ჯგუფში შედიან პარტიები: "იტალიის ძმები", პოლონეთის "კანონი და სამართლიანობა", ესპანეთის "ვოქსი". ვარაუდობენ, რომ მათი კონსერვატიული ღირებულებები ევროკავშირის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ხმათა 44% მიიღო ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესმა" - ამ შედეგით მან ევროპარლამენტში 11 მანდატი მოიპოვა, რაც წინა არჩევნების შედეგთან შედარებით 2 ადგილით ნაკლებია. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

ულტრამემარჯვენეებმა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და ნიდერლანდებში. როგორც ირკვევა, არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობა საკმაოდ მაღალი იყო და მათ საკუთარი არჩევანი სწორედ ულტრამემარჯვენეებზე შეაჩერეს. ანალიტიკოსების განცხადებით, შედეგებმა ევროპელი ხალხის განწყობა კონტინენტზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ყველაზე უკეთ წარმოაჩინა.

პოლიტოლოგების აზრით, ევროპის სახალხო პარტიას კვლაც დომინანტური პოზიცია უკავია პარლამენტში, თუმცა მათ მოუწევთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობა, რადგან უმრავლესობის შესაქმნელად, სულ მცირე, 361 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო. ის ფაქტიც, რომ ულტრამემარჯვენეებს გაზრდილი რაოდენობის მანდატები ექნებათ, იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, პარლამენტმა ვერ შეძლოს კონსენსუსის მიღწევა ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ომი, მიგრაცია და ე.წ მწვანე პოლიტიკა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს საკითხები გახდა ახალ ევროპარლამენტში ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის მანდატების დაკარგვის საფუძველი.

ევროპული გამოცემები წერენ, რომ მემარჯვენეების წარმატებებმა შეიძლება ევროპარლამენტში ძალთა ბალანსი შეცვალოს. გარდა ამისა, მემარჯვენეთა წარმომადგენლებს შეეძლებათ იბრძოლონ ევროკავშირში, ევროკომისიაში ხელმძღვანელი თანამდებობებისთვის. 2019 წელს, ურსულა ფონ დერ ლაიენი "ევროპის სახალხო პარტიის", "სოციალისტები და დემოკრატების" და "განაახლე ევროპის" ხმებით აირჩიეს. წელს უკვე, როცა ლაიენი მეორედ იბრძვის პრეზიდენტობისთვის, მას სრული მხარდაჭერა მისსავე "ევროპის სახალხო პარტიაში" არ აქვს. ლაიენმა 27 სახელმწიფოს ლიდერის მხარდაჭერის მოპოვების გარდა, სხვა პოლიტიკურ ძალებთან საერთო ენის გამონახვაც უნდა შეძლოს.

ევროკომისიის პრეზიდენტის პოზიციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს კენჭს, სავარაუდოდ, ივლისში უყრიან, მაგრამ თუ ლაიენი ამ დროისთვის პარლამენტისგან საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, შემდეგი კენჭისყრა ახალ კანდიდატურაზე 1 თვის ვადაში გაიმართება და ეს აქამდე უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. გამოცემა "პოლიტიკო" წერს, რომ შესაძლოა, ფონ დერ ლაიენი რობერტა მეცოლამ ჩაანაცვლოს.

თავად მეცოლას ამბიცია აქვს, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი მეორედ გახდეს. კენჭისყრა 16 ივლისს უნდა შედგეს. ევროკომისიის პრეზიდენტის დანიშვნას მოჰყვება 26 ევროკომისრის შერჩევის პროცესი. ყველაზე ბოლოს კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაინიშნება. ეს ის აღმასრულებელი პოზიციაა, რომლის არჩევაშიც ევროპარლამენტი არ მონაწილეობს. შარლ მიშელის ჩასანაცვლებლად შეთანხმება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის 1 დეკემბრამდე უნდა შედგეს. უცნობია, ვინ შეცვლის მიშელს, თუმცა ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მარკონი თანამდებობაზე იტალიის ყოფილი პრემიერის, მარიო დრაგის დანიშვნას უჭერს მხარს.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელ X-ში აფასებს ვიოლა ფონ კრამონი. მისი განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს, ბევრისგან მოისმინა, რომ პრობლემა არა პუტინი, არამედ ამერიკა, თავად გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტო და "სი აი ეი" იყო. ის ასევე ინტერესდება გერმანელი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის საარჩევნო კამპანიის ფინანსების წარმომავლობით, რომლის პარტიამაც აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონში წარმატება მოიპოვა. კენჭისყრის შედეგებს აფასებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც, რომელიც ევროპარლამენტში მეორედ ვეღარ მოხვდა. "მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა არ ამირჩიეს, ვრჩები საერთო მიზნების ერთგულ," - წერს X-ზე ევროპელი კანონმდებელი.

დღის ამბები