19 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი დარეგისტრირებულია. ბიუროს შემდეგ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" უმრავლესობის ინიციირებულ ცვლილებებს, 5 კომიტეტი განიხილავს. პროექტს, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ამავდროულად ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას, პირველი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
ამ და დანარჩენ 4 კომიტეტში საკანონმდებლო პროცესი ოპოზიციის გარეშე ჩაივლის, რაც პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, არა საზოგადოების, არამედ უცხოელი პარტნიორების დაკვეთაა. შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტის მიზნები დღეს კიდევ ერთხელ განმარტა.
ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტს, პარლამენტი ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტის ფონზე განიხილავს. ფიქრობენ, რომ ცვლილებები სახელისუფლებო გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მიზანი კი მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს გახარიას გუნდსაც, რომელიც ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, ვინც საერთო სახალხო განხილვებში მონაწილეობდა.
"ოპოზიცია დაშორებულია ქართული საზოგადოების სურვილებს" - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდი ბოიკოტში მყოფი პარტიების გადაწყვეტილებას. ოპონენტებს დღეს "ქართული ოცნებიდან" კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.
ერთადერთი, ვინც ბოიკოტზე უარს ამბობს, იაგო ხვიჩიას "გირჩია". ოპოზიციური პარტია ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს და კანონმდებლობაში დამატებითი მექანიზმების შემოღებას არ ემხრობა, თუმცა ფიქრობს, რომ საკუთარი პოზიცია განხილვების დროს, სხდომათა დარბაზში უნდა გამოხატოს
საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ცვლილებების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა საყოველთაო სახალხო განხილვების დროსაც დადასტურდა, რადგან ახალი პროექტის მიზანი, მათი თქმით, ერთის მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვაა, ხოლო მეორეს მხრივ კი ე.წ ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენციაა.
საკომიტეტო განხილვები პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება. საკანონმდებლო პაკეტს იურიდიული, ადამიანის უფლებების, განათლების, დარგობრივი და ჯანდაცვის კომიტეტები განიხილავენ, შემდეგ კი საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. უმრავლესობა პროექტს პირველი მოსმენით, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს.