ძალადობა მიუღებელია, ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ. სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ოპონენტები და პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ დისკუსია, განხილვები და ჯანსაღი არგუმენტების წარმოდგენა დაებლოკათ და პროცესები გადაიტანეს ძალადობრივ სიბრტყეში, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორმაგი სტანდარტებით მიდგომა ზიზღისა და სიძულვილის კამპანიას ასაზრდოებს.
"ჩვენ ვგმობთ და მომავალშიც დავგმობთ ძალადობას ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიმართ განხორციელდა ძალადობა. განსხვავებული აზრის მიღება და არგუმენტების წარდგენა ყველას უნდა შეეძლოს. ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი არ არის ის ენა, რომლითაც ჩვენ შეიძლება ქვეყანაში საკითხები გადავწყვიტოთ.
სამწუხაროდ, ვხედავთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სიძულვილისა და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები. მათი შეფასებებიც არის შერჩევითი და ძალადობასთან აქვთ ორმაგი სტანდარტით მიდგომა, რაც მიუღებელია. ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, ვის ეხება ეს", – განაცხადა თალაკვაძემ.