"ლელო" დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს. ირაკლი კუპრაძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება "საპენსიო ფონდში" დაგროვილი თანხის ანაკლიაში ინვესტირებას გეგმავს.
"ლელო" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", არ მიიღოს ეს საკანონმდებლო ცვლილებები და არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.
"კანონის მიღებით საპენსიო სააგენტო სრულად კარგავს დამოუკიდებლობას და ექცევა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც, დიდი ხანია, "ქართული ოცნების" პარტიულ უწყებად იქცა. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ თანხის ანაკლიაში ინვესტირებას გეგმავს. საქართველოში ჩნდება საფრთხე, რომ ანაკლიის სანაპიროზე პროპაგანდისთვის მიყვანილ ტრაქტორებთან ერთად, ჩვენს საპენსიო დანაზოგებთან ერთად, შავი ზღვის ტალღები წაიღებენ," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
საპასუხო კომენტარი გაკეთდა მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიციას მოქალაქეები შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავს.
"2018 წელსაც, როცა მივიღეთ [კანონი], გადაახვიეთ - თქვენ ეს არ გაგიჭირდებათ, ზუსტად მაგას საუბრობდნენ, გაამრავლეთ ასზე და უფრო მეტს საუბრობდნენ. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი სალაპარაკო, რომ თქვან ყველაფერზე ცუდი. ახლა ეს კარგი რაღაც იპოვეს, პენსია ბევრს ეხება და იქნებ, ვინმეს მოვატყუოთ რაღაცა, გავავრცელოთ ჭორი, რომ ხალხი ავაღელვოთო, სხვა არაფერი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონში დაზღვევა რაც იყო საპენსიო თემების, ყველაფერი დარჩენილი და კიდევ უფრო გამკაცრებულია. ერთადერთი არის, რომ იყო ორი საბჭო, რომელიც ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და ევროკავშირმაც გვთხოვა, მსოფლიო ბანკს პირდაპირ აქვს მოწერილი, რომ ჯობს, იყოს ერთი. როგორ უნდა აირჩიოს ეს სისტემა, იგივე რჩება, რა ვიცი, სხვანაირად როგორ ვთქვა,“ - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.