ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს საფრანგეთში პოლიტიკური პოლარიზება მოჰყვა. მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენეების გამარჯვება პრეზიდენტ მაკრონისთვის პარლამენტის დათხოვნის მიზეზი გახდა. ანალიტიკოსების აზრით, მაკრონის ეს გადაწყვეტილება ძალიან სარისკო ნაბიჯია იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი გატარებული რეფორმების გამო მოსახლეობაში პოპულარულობით აღარ სარგებლობს და მისმა პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებზე კონკურენტთან შედარებით 2-ჯერ ნაკლები ხმები აიღო. შედეგების გამოცხადებას პარიზში არეულობაც მოჰყვა, ფრანგებმა ლე პენის წარმატება ქუჩებში გააპროტესტეს და ულტრამემარჯვენეების პროგრესი საფრანგეთში დემოკრატიის ჩამოშლას შეადარეს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვერცერთი პარტია საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ვერ მიპოვებს, რაც პარლამენტში ქაოსურ სურათს შექმნის. ამ ვითარებაში ერთ-ერთ გამოსავალს კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს შორის კოჰაბიტაციას ხედავენ. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი მოსახლეობას მოუწოდებს, მის პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებაში დაეხმარონ. ულტრამემარჯვენეების პოზიციების შესასუსტებლად კი, საფრანგეთის ოპოზიციურმა მემარცხენე პარტიებმა პირობა დადეს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ითანამშრომლებენ და საერთო კანდიდატებს წარადგენენ.
ულტრამემარჯვენე პარტიების მიღწევები შემაშფოთებელია გერმანიისთვისაც. ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში გერმანიის მმართველი კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი კონსერვატიულმა პარტიამ დაიკავა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი გერმანიის სამთავრობო კოალიციის ყველა პარტიისთვის ცუდია.
გერმანიის კანცლერი ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობის შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების მომხრეა. შოლცი ფიქრობს, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპარლამენტში დემოკრატიულმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს, თუმცა ევროპული გაერთიანების ერთადერთი პრობლემა ულტრამემარჯვენეების წარმატება სულაც არ არის.
ბრიუსელში მაღალი თანამდებობების შერჩევის პროცესები სკანდალების ფონზე მიმდინარეობს. გამოცემა "პოლიტიკო" კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და შარლ მიშელს შორის უთანხმოებაზე წერს. წყაროს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტის ჩამოშორების მიზნით, მიშელი ლაიენის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს. ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები "პოლიტიკოსთან" ამბობენ, რომ შარლ მიშელმა მოითხოვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მონაწილეობა არ მიიღოს 17 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე იგეგმება ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე შესაძლო კანდიდატურების, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატის განხილვაც. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ცდილობს პოლიტიკური კონკურენციის გამო ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ხელი შეუშალოს.
არჩევნების შედეგებით კმაყოფილია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანის თქმით, მისმა პარტიამ უნგრეთის ევროპულ არჩევნებში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დააფიქსირა. ევროპარლამენტის არჩევნებში პრემიერის პარტიამ 11 მანდატი მოიპოვა რაც წინა არჩევნების შედეგთან შედარებით 2 ადგილით ნაკლებია.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების მიხედვით საკანონმდებლო ორგანოში 24 წლის Youtube-ერი მოხვდა. კვიპროსში, ამომრჩევლებმა ვარსკვლავი ფიდიას პანაიაიოტოუ დამოუკიდებელ დეპუტატად აირჩიეს. პოლიტიკური გამოცდილების არქონის მიუხედავად, მისმა კამპანიამ ახალგაზრდა ამომრჩევლების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა. ევროპარლამენტში ჩატარებული არჩევნებით დომინანტური პოზიცია შეინარჩუნეს ცენტრისტებმა, კვლავ მეორე ადგილზე გავიდნენ სოციალ დემოკრატები, ათობით მანდატი დაკარგეს ლიბერალებმა, ულტრამემარჯვენეებმა კი ტრიუმფი განიცადეს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, არჩევნებში უკრაინის ომის, მიგრაციის და ე.წ. მწვანე პოლიტიკის საკითხები ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის მანდატების დაკარგვის მიზეზი გახდა.