16 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
კანონპროექტის განხილვა, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას, კომიტეტებში მომავალი კვირიდან დაიწყება 

საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის განხილვა, კომიტეტებში მომავალი კვირიდან დაიწყება. ცვლილებები, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას, მმართველი გუნდის თქმით, საზოგადოების მხარდაჭერით მომზადდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი 17 მაისს შედგა.

საკანონმდებლო ცვლილება 1 ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება, თუმცა ამ დოკუმენტის განხილვა პარლამენტში ისე ჩაივლის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი სხდომათა დარბაზში არ შევა. ნაწილი ერთსქესიანთა ქორწინებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ბოიკოტს არ წყვეტს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონმდებლობაში დამატებითი მექანიზმების შემოღება საჭირო აღარ არის.

"იურიული სამყაროს" მულტსერიალის, მე-5 სეზონის ერთ-ერთი ეპიზოდი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გაიხსენეს. თქვეს, რომ ანიმაცია, სადაც ერთსქესიანი არასრულწლოვანების ურთიერთობაა ასახული, ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამ მაგალითით ხალხის ძალამ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის აუცილებლობაზე დღეს კიდევ ერთხელ მიუთითა.

მსგავსი შინაარსის ფილმებში, სერიალებსა და ანიმაციებში საფრთხეს ვერ ხედავს ოპოზიცია და ამბობს, რომ ეს არასრულწლოვანების ცნობიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, ოპოზიცია არა ხალხის, არამედ მხოლოდ უცხოელი პარტნიორების დაკვეთით მოქმედებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის მექანიზმების გაძლიერება მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია.

კანონპროექტს გერმანიიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და ოპოზიციის ბოიკოტის საპასუხოდ თქვა: "ვინც მხარს არ უჭერს პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას."

საკანონმდებლო პაკეტის განხილვას კომიტეტები მომავალი კვირიდან დაიწყებენ. ამის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. უმრავლესობა, პროექტს პირველი მოსმენით სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს.

 

დღის ამბები