"კენჭისყრა მშვიდობისთვის" - ასე შეაფასა გაეროს უშიშროების საბჭოზე დამტკიცებული პირველი რეზოლუცია შეერთებულმა შტატებმა. დოკუმენტს, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და 8-თვიანი ომის დასრულების შესახებ ბაიდენის გეგმას უჭერს მხარს, საბჭომ 14 ხმით დაამტკიცა. რუსეთმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ამერიკის შეერთებული შტატები ირწმუნება, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმას დათანხმდა, თუმცა კითხვის ნიშნებს იწვევს ბენიამინ ნეთანიაჰუს გუნდის პოზიცია, ქვეყნის მთავარი მიზნის შესახებ - გაანადგუროს "ჰამასის" სამხედრო პოტენციალი.
"ჰამასმა" განაცხადა, რომ მზად არიან ითანამშრომლონ შუამავლებთან, რეზოლუციის პრინციპების შესრულებაზე. პალესტინის ავტონომიის ლიდერებმა თქვეს, რომ მიესალმებიან ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანს, თუმცა ისრაელში მერვედ ჩასული ენტონი ბლინკენი ისევ მოუწოდებდა რეგიონის სახელმწიფოებს, მოეხდინათ ზეწოლა "ჰამასზე," გეგმას დათანხმებულიყო.
მხარეების პოზიციებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რჩება, თუმცა გაეროს რეზოლუცია ერთგვარი ზეწოლაა, "ჰამასმა" და ისრაელმა პირობებს დათანხმდნენ.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 31 მაისს წარმოდგენილი ბაიდენის გეგმა, 3 ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, რომელიც თვე-ნახევარს გაგრძელდება, უნდა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და გამოვიდეს ცახალი სექტორის დასახლებული პუნქტებიდან. "ჰამასმა" უნდა გაათავისუფლოს მძევალთა ნაწილი, ქალები, ბავშვები, მოხუცები და დაჭრილები. ისრაელმა კი "ჰამასის" დაპატიმრებული წევრები უნდა გაუშვას. მეორე ეტაპზე ისრაელის ჯარმა სრულად უნდა დატოვოს ღაზის ტერიტორია, "ჰამასმა" კი დარჩენილი მძევლები გაათავისუფლოს. მესამე ეტაპი ღაზის სექტორის აღდგენას ითვალისწინებს, შეერთებული შტატების და საერთაშორისო პარტნიორების მიერ. რეზოლუცია მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ ღაზის სექტორის ტერიტორია უცვლელი იქნება.