16 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
რა კითხვები აქვს ოპოზიციას სუს-ის ხელმძღვანელთან - დეპუტატების ნაწილი მოსმენაზე დასწრებას არ აპირებს

რა კითხვები აქვს ოპოზიციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, რომელიც დეპუტატების წინაშე უნდა წარდგეს - ოპოზიციის ნაწილი მოსმენაზე დასწრებას არ აპირებს, ნაწილს კი გრიგოლ ლილუაშვილთან კონკრეტული კითხვები აქვს.

მაგალითად, "გირჩის" წევრ ალექსანდრე რაქვიაშვილს აინტერესებს, თუ როგორ აღკვეთა სუს-მა რევოლუცია და რა მტკიცებულებები არსებობს, რომ ქვეყანაში მსგავსი რამ მართლაც იგეგმებოდა.

"მაინტერესებს, როგორ მოხდა ისე, რომ რევოლუციები იგეგმებოდა, სუს-მა პრევენციული ღონისძიებები ჩაატარა და ვიღაცამ გადაიფიქრა რევოლუციის გაკეთება, ვინ იყო ეს? სუს-მა ხომ უნდა თქვას, რომ არის ვიღაც კონკრეტული ადამიანი, რომელიც დავიჭირეთ, დავკითხეთ და ა.შ. ან, მაგალითად, გეგმავდა, დავინახეთ, დაველაპარაკეთ, შეეშინდა და აღარ გააკეთა. ხომ უნდა იყოს რაღაც მინიმალური მტკიცებულება?"-აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ სუს-ის ანგარიშში უამრავი ტყუილია და მოსმენაზე დასწრების მოტივს ვერ ხედავს.

"სუს-მა არანაირი რეაგირება არ გააკეთა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში უკონტროლოდ შემოდიან რუსი პროპაგანდისტები, შემოსული იყო, მათ შორის, ვაგნერის დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი და ვერ მოვისმინეთ პასუხი, ამ დროს რით არის სუს-ი დაკავებული. ცხადია, რომ ასეთ აბსურდულ მოცემულობაში, მათ შორის, ანგარიშიც რომ წაიკითხოთ, იქ წერია მხოლოდ ბევრი ტყუილი, არ აქვს აზრი ამ განხილვაზე დასწრებას,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტში, დეპუტატების წინაშე უწყების წლიური ანგარიშით წარდგება. ლილუაშვილი ისაუბრებს სუს-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავარ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.

53-გვერდიან დოკუმენტში 4 ძირითადი მიმართულებაა: ოკუპაციის პრობლემა, კონტრდაზვერვა, უწყების კონტრტერორისტული საქმიანობა და ანტიკორუფციული მიმართულება. ანგარიშის თანახმად, ქვეყნისთვის 2023 წელს გამოწვევა იყო "ჰიბრიდული ომის" ინსტრუმენტების გამოყენებით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა. დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოებაზე.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატები გრიგოლ ლილუაშვილს შეკითხვებს დაუსვამენ.

დღის ამბები