საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან მისი შეკითხვა შეეხება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საკითხს, რეგიონში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით. ასევე, ირაკლი ქადაგიშვილი დაინტერესდება, თუ რამდენადაა უზრუნველყოფილი არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.
"ჩემი კითხვები იქნება დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად არის ჩვენი ქვეყანა დაცული იმ საფრთხეებისგან, რომელიც რეგიონში არსებობს და მეორე - რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ქვეყნის შიგნით, სუს-ის კომპეტენციის ფარგლებში, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტში, დეპუტატების წინაშე უწყების წლიური ანგარიშით წარდგება. ლილუაშვილი ისაუბრებს სუს-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავარ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
53-გვერდიან დოკუმენტში 4 ძირითადი მიმართულებაა: ოკუპაციის პრობლემა, კონტრდაზვერვა, უწყების კონტრტერორისტული საქმიანობა და ანტიკორუფციული მიმართულება. ანგარიშის თანახმად, ქვეყნისთვის 2023 წელს გამოწვევა იყო "ჰიბრიდული ომის" ინსტრუმენტების გამოყენებით, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა. დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოებაზე.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატები გრიგოლ ლილუაშვილს შეკითხვებს დაუსვამენ.