იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ეს იქნება იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი საქართველოში.
ფაქტი დღეს პოლიტიკური განცხადებების საფუძველი გახდა ოპოზიციისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია.
მმართველი გუნდი კი ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგანძური უბრუნდება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენა "წინასაარჩევნო საქველმოქმედო ხრიკია".
"პირველ რიგში, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის შეძენა არის ძალიან კარგი, თუმცა მაშინ როდესაც ეს ხდება საპატიო თავმჯდომარის მხრიდან და ამას მოჰყვება "ქართული ოცნების" ლიდერებისგან მადლობების ხდა, წინასაარჩევნო ხრიკია და არა მგონია, ეს რაიმე განსაკუთრებული დივიდენდების მომტანი იყოს მათთვის,"- აცხადებს აქუბარდია.
პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "სახელმწიფო ღალატს ვერანაირი ქველმოქმედების აქტი ვერ გადაფარავს".
"მივესალმები ყველა ადამიანის მიმართ განხორციელებულ სასიკეთო ნაბიჯს, თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას; ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი პოლიტიკით, ხელს უშლის და ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს. ვერანაირი ქველმოქმედების აქტი ვერ გადაფარავს სახელმწიფო ღალატს,"- აცხადებს სამადაშვილი.