"ნაციონალური მოძრაობა" ნიკო მანაგაძეზე მომხდარ თავდასხმაში რაიმე ფორმით მონაწილეობას გამორიცხავს, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ იცნობენ ნიკო მანაგაძეს და რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ კავშირი, როდესაც თბილისში სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ იმასაც, რომ ნიკო მანაგაძე პარტიის წევრი არ არის და არც ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ირიცხება.
"ნიკო მანაგაძე არ გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თამამად შემიძლია ვთქვა და პირდაპირ. თანამშრომლობაში რა იგულისხმება? პირადად მე აქციებიდან ვიცნობ. ახალგაზრდა ადამიანთან თანამშრომლობა ერთადერთი რაც შეიძლება იყოს - რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს "ნაციონალური მოძრაობის" და მსგავსი ტიპის თანამშრომლობაც არ არსებობს ჩვენს შორის.
ოჯახის წევრებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ - მეთქი და, ზოგადად, თუ მისვამთ კითხვას, ის იყო თავდასხმის ობიექტი საკუთარი პოზიციის გამო, როგორც ძალიან ბევრი სხვა ადამიანი და ამიტომაც, ისრების გადატანა სხვაზე, ამ შემთხვევაში, არის იმდენად ამორალური, რომ ამაზე კომენტირება არ ვიცი,“ - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
შეგახსენებთ, ინციდენტი 7 ივნისს, უნივერსიტეტთან მოხდა. სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს პირველ კორპუსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.