სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანამდევი პროცესები წარმოადგენდა.
"რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, ისევე როგორც გასულ წელს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, კვლავ აქტიურად გრძელდებოდა უკანონო სამხედრო აქტივობები, მათ შორის, უკანონო სამხედრო წვრთნები და პირადი შემადგენლობის როტაცია.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეშვიდე და მეოთხე სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობის ნაწილი ჩართული იყო რუსეთ-უკრაინის ომში, საბრძოლო მოქმედებებში საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. დაფიქსირდა უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტები და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტები,"-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენისას.
მისივე თქმით, 2023 წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ აქტიურად გრძელდებოდა ანექსიისკენ მიმართული პროცესები, რაც რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა.
"მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ოკუპირებულ ბიჭვინთაში არსებული ე.წ. სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის ფაქტზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული პროცესი დაიწყო 2022 წელს, რასაც თავდაპირველად ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.თუმცა, 2023 წლის ბოლოს, გადაცემის პროცესს ე.წ. ოპოზიციის ლიდერების დიდმა ნაწილმაც კი, სამწუხაროდ, მხარი დაუჭირა. ჩვენი შეფასებით, ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით, მოსკოვმა მოახდინა დემონსტრირება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისი ნების, ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი არის უშედეგო. ამასთან, მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის, საოკუპაციო ძალა ავრცელებდა მოსაზრებას, რომ აღნიშნულ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა, წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობას დააზიანებდა,"-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.