პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოების შესახებ. თემაზე დღეს კახი კალაძემ და შალვა პაპუაშვილმა ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღემდე არ არის პრეზიდენტის ხელმოწერა საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და საწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი“ წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ ეს ოცნების კიდევ ერთი პროპაგანდაა.
“ახლა ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს “ქართულმა ოცნებამ“, რა შუაშია სალომე ზურაბიშვილი, მასთან ერთად არსად არ დგებიან და ახლა მოენატრათ ზურაბიშვილი? მე არ მჯერა ამ პროპაგანდის,“- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ბექა ლილუაშვილის თქმით, კი ყველამ თავი უნდა დაანებოს სპორტსმენების ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდების წერას.
“ძალაუფლების გახანგრძლივების გარდა საერთოდ არაფერი არ აინტერესებთ მათ არც რაიმე ეროვნული და არც სპორტი მათ შორის, დაანებოს ყველამ თავი ქართველი, წარმატებული, ღირსეული სპორტსმენებით პოლიტიკური დივიდენდების დაწერას,“- აცხადებს ლილუაშვილი.