16 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ოპოზიციას ძალაუფლება და არჩევნები არ სჭირდება ქართველი ხალხისთვის, მათი მიზანია, რომ სხვებს მიატაცებინონ ქართული სახელმწიფო - შალვა პაპუაშვილი

ამ ხალხს ეს ძალაუფლება და არჩევნები არ სჭირდება ქართველი ხალხისთვის, არც ძალაუფლებისთვის, სინამდვილეში, მათი მიზანი არის ის, რომ სხვებს მიატაცებინონ ქართული სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, დადიოდნენ ბრიუსელში კაბინეტ კაბინეტ, რომ როგორმე ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია არ მოეცათ.

“საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებიც ქვეყანას მტრობენ. ვიზის შეჩერება კი არა, ბომბების წვა და ცეცხლი ურჩევნია სხვა გადაწყვეტილებებს. ასეთი ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე. ისინი მოწყვეტილები არიან საერთოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებით. არათუ ვიზის შეჩერება, ეს იმ ფილოსოფიის ხალხია, რომ როდესაც ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, დადიოდნენ ბრიუსელში კაბინეტ კაბინეტ, რომ როგორმე ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია არ მოეცათ. დადიოდნენ ასევე ბრიუსელში იმისთვის, რომ დაერწმუნებინათ, კანდიდატის სტატუსიც არ მოეცათ ჩვენთვის 2022 წელს.

როდესაც 2023 წლის დეკემბერში გამოჩნდა იმის კონტურები, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მოენიჭებინათ, მაშინაც გახურებული კამპანია ჰქონდათ როგორც ოპოზიციას, ისე “ენჯეოებს“, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ. როცა მოგვცეს, შემდეგ კამპანია დაიწყეს, რომ ჩამოგვართვან კანდიდატის სტატუსი და ა.შ. ეს ხალხი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ოღონდ არა თავისთვის, ან ხალხისთვის, არამედ გარე ძალებისთვის. ეს არის მთავარი საკითხი, რომ ამ ხალხს ეს ძალაუფლება და არჩევნები არ სჭირდება ქართველი ხალხისთვის, არც ძალაუფლებისთვის, სინამდვილეში, მათი მიზანი არის ის, რომ სხვებს მიატაცებინონ ქართული სახელმწიფო. ამიტომ არის, რომ ისინი სინამდვილეში საარჩევნო კამპანიას ეწევიან უცხო ძალებისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები