ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი, მომხრეა, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა, დროებით, არჩევნებამდე შეუჩეროს და არ დაელოდოს არჩევნების ჩატარებას. ეს მოსაზრება პეტრიაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააჟღერა.
მისი განცხადება მმართველ გუნდში ანტისახელმწიფოებრივად შეაფასეს და მავნებლური უწოდეს.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არავის მიეცემა ქვეყნის და ხალხის დაზარალების საშუალება.
“პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოსწეროდა, რადიკალიზმით იყვნენ დაკავებულები მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი. გვახსოვს ზოგმა ოპოზიციონერმა რომ თქვა, რადიკალური პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელში დადიოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიიღოსო. ზუსტად იგივე ხაზია, ეს ადამიანები არიან მავნებლები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ხალხი, ქვეყანა დააზიანონ, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცემათ. ჩვენ განვაგრძობთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას, მშვიდობის შენარჩუნებას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
“ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ბუკა პეტრიაშვილის განცხადებას მოღალატეობრივ აქტად აფასებს.
“ეს ხალხი ღიად ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. როცა ქვეყნისა და სამშობლოს წინააღმდეგ ეუბნები უცხოურ ძალას, რომ აქაურობა დაასანქცირეთ, ეს არის ისეთივე მოწოდება, მოღალატეები რომ მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ მტერს, მეფე ერეკლეს არ ჰყავს მეზარბაზნეები.
რა პოლიტიკური განსხვავება უნდა ჰქონდეს პარტიასთან, რომ შენს სამშობლოზე უცხოურ ძალას უთხრა, რომ დაასანქცირე, შეუწყვიტე ვიზა ლიბერალიზაცია და ა.შ იმიტომ, რომ თვითონ არ არიან ხელისუფლებაში. ამ ხალხს ქვეყანა კი არ უყვარს, არამედ უნდათ, რომ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.