პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან იმყოფებოდა. მან უწყების ოფისთან განცხადება გააკეთა და ორი თვის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აქციების დროს მასზე მომხდარ ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, ამასთან, მისთვის არ მიუნიჭებიათ არც დაზარალებულის სტატუსი.
“ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ჩემზე, როგორც პარლამენტის მოქმედ დეპუტატზე, რომელსაც, წესით, იმუნიტეტი მიცავს, დღისით, მზისით ძალადობა მოაწყვეს ორგანიზებულად და ჯგუფურად პოლიციელებმა. დაკავებული რომ არავინ არ არის, ფაქტია. უფრო მეტიც, ორი თვეა დაზარალებულად არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ უბრალოდ შევახსენო, ეს არ დამვიწყებია,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.