16 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
მხარს ვუჭერთ იმ პრიორიტეტებს, რაც მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე გააცხადა - არჩილ თალაკვაძე განათლების მინისტრის ანგარიშზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ანგარიშს, რომლითაც გიორგი ამილახვარი გუშინ კანონმდებლების წინაშე წარსდგა, დეპუტატები აფასებენ.

ოპოზიცია კრიტიკულია, უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მინისტრის მხრიდან დასახელებულ პრიორიტეტებს მათი სრული მხარდაჭერა აქვს.

განათლების უწყების ხელმძღვანელმა მოხსენებაში სისტემაში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდასთან ერთად ითქვა, რომ იცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკაც და ის პირველი ივლისიდან, საშუალოდ 500 ლარით მოიმატებს; მინისტრის ინფორმაციით, გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობა. სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს კი, არსებული დავალიანება გაუნულდათ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა მხარს უჭერს იმ პრიორიტეტებს, რაც განათლების მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე გააცხადა.

"არც მოსწავლეებს, არც სტუდენტებს, არც ოჯახებს ვინც მათ განათლებაში ინვესტიციებს დებს დასაკარგი დრო არ აქვთ და საჭიროა ისეთი გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს მოქალაქეებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ეს არის ერთ-ერთი ურთულესი სისტემა,რომლის წარმატება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის მომავალს და ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პრიორიტეტებს, რაც მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე გააცხადა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები