16 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას უახლოეს მომავალში - აშშ-ის თავდაცვის მდივანი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს უკრაინას, თუ რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად, - განაცხადა ბრიუსელში, ნატოს ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინმა ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტის იმ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომელშიც მან სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინას ორი პირობა წაუყენა.

“ამ უსამართლო და არაპროვოცირებული შემოჭრის დროს დაიჭრა და დაიღუპა რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი. მას შეეძლო დღესვე დაესრულებინა ეს, თუ მოინდომებდა. ჩვენ მოვუწოდებთ მას გააკეთოს ეს და დატოვოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია“, - განაცხადა ოსტინმა.

პუტინის თქმით, უკრაინის “მომავალი არსებობა“ დამოკიდებულია ჯარების გაყვანაზე, ნეიტრალურ სტატუსზე და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. კიევის სამხედრო მდგომარეობა გაუარესდება, თუ ის უარს იტყვის შეთავაზებაზე, - თქვა მან.

ნატოს ოფიციალური პოზიციის თანახმად კი, უკრაინა ერთ დღეს შეუერთდება ალიანს, მაგრამ არა მაშინ, როცა ქვეყანაში ომია.

ოსტინის თქმით, ნატოს გაფართოება მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა.

“რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ვფიქრობ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ნატოს ალიანსის 32 წევრი მიიღებს რაღაც მომენტში, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას უახლოეს მომავალში“. - თქვა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში გაწევრიანების სურვილი ექნებათ, მაგრამ ამჟამად ალიანსს სურს ფოკუსირება მოახდინოს ახალი წევრების, შვედეთისა და ფინეთის სრულ ინტეგრირებაზე.

დღის ამბები