16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
საქართველოს კურსი ევროპული მომავალია, ამ გზაზე ჩვენმა ქვეყანამ თუ რაიმე წარმატებას მიაღწია, მოსახლეობასთან ერთად, “ქართული ოცნების“ დამსახურებაა - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზაზე სვლის გაგრძელება მოუწოდა.

კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს კურსი ევროპულია და ამ გზაზე მიღწეული წარმატებები ქართველი ხალხის და “ქართული ოცნების“ ერთობლივი დამსახურებაა.

“საქართველოს კურსი ევროპული მომავალია. ამ გზაზე ჩვენმა ქვეყანამ თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ეს, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, “ქართული ოცნების“ დამსახურებაა. სხვა გზა მე არ ვიცი. მსგავსი მიზანმიმართული სპეკულაციები და განცხადებები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც “გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით მთელი თვეების განმავლობაში არსებობდა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, იგივე სიცრუის კამპანია უახლოეს წარსულში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც მუშაობდა.

“სამწუხაროდ, იგივე სიცრუის კამპანია იყო სააკაშვილთან მიმართებით, ყოველდღე რომ კვდებოდა, ვინ არ იყო ჩართული აღნიშნულ კამპანიაში. შეგიძლიათ, მოიძიოთ სახელები და გვარები, რომლებიც აკეთებდნენ სამარცხვინო განცხადებებს და ტოლობის ნიშანს სვამდნენ სააკაშვილის გათავისუფლებასა და კანდიდატის სტატუსის მიღებას შორის. საოცარი პერიოდი გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ეს ზეწოლა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოში მშვიდობა შენარჩუნდება. ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები