26 ივნისი 2024,   02:58
ვრცლად
შვეიცარიაში მიმდინარე უკრაინის მშვიდობის სამიტი დღეს სრულდება

შვეიცარიაში მიმდინარე უკრაინის მშვიდობის სამიტი დღეს სრულდება. სამიტს 100 ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან.

მიზანი უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბებაა.

განხილვის მთავარი თემები, უკრაინაში ბირთვული საფრთხეები, საკვების უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საჭიროებებია. შვეიცარიაშია, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელიც სამიტზე ათ პუნქტიანი გეგმით ჩავიდა.

გერმანიის კანცლერი ფიქრობს, რომ მშვიდობის მიღწევა ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

“როგორ უნდა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას? ნება მომეცით, გაგიზიაროთ რამდენიმე მოსაზრება. ჯერ ერთი, არცერთ ქვეყანას არ სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები. მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე ომის არარსებობა. ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა სერიოზული მოლაპარაკებების გარეშე, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ სვლა საგზაო რუკის გარეშე, საბოლოო ჯამში, მხოლოდ დააკანონებს რუსეთის მიერ უკანონოდ მიწების მიტაცებას.

ეს გამოიწვევს მორიგ გაყინულ კონფლიქტს, რომელიც საშიშია და არ არის მდგრადი არც უკრაინისთვის, არც ევროპისთვის და არც მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, რუსეთი აგრძელებს დაუნდობელ სასტიკ ომს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთს შეუძლია, დღესვე დაასრულოს ეს ომი ან ნებისმიერ მომენტში, როგორც კი შეაჩერებს შეტევას და გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჩვენ, ყველანი ვაღიარებთ, რომ მშვიდობის მიღწევა ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ ჩარჩო და საგზაო რუკა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად“,- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მდგრადი მშვიდობის ასაშენებლად ყველაფერი მზად არის.

“ამ ოთახში არავინ ომობს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველას სურს მდგრადი მშვიდობა, რაც ნიშნავს მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო წესებს და აღადგენს უკრაინას მისი სუვერენიტეტის ფარგლებში.

ეს ომი გლობალური საკითხია. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრა არის საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ ხალხი აქ ყველა კონტინენტიდან იმყოფება უკრაინაში მშვიდობის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენი საერთაშორისო წესები და სიმშვიდეში არსებობის შესაძლებლობა საფრთხეშია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, რათა საზღვრები და სუვერენიტეტი იყოს დაცული.

გაერო-ს გენერალური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას ოლიმპიური ზავის შესახებ. ჩვენ არ განვიხილავთ ამ ზავს, როგორც ვალდებულებას უკრაინის წინაშე.

მინდა, მკაფიო ვიყო და ეს პრეზიდენტ ზელენსკისაც ვუთხარი: ეს არის აშკარა მოწოდება რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს თავისი აგრესიული ომი და თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე. მაქვს შემოთავაზება, პარალელურად, ჩვენ, ყველამ ერთად ვიმუშაოთ, გავაფართოოთ ქვეყნების წრე, რომლებიც უერთდებიან ჩვენს ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ მსოფლიოში დიდი განხეთქილება“, - თქვა ემანუელ მაკრონმა მშვიდობის სამიტზე.

დღის ამბები