“არჩევნების შემდეგ კოალიციის ბედს გადაწყვეტს არჩევნების შედეგი, რომლის წინასწარ პროგნოზირება არის რთული და შეუძლებელი,“ - ამის შესახებ “ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.
საუბარია, ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სატელევიზიო ინტერვიუში, ამბობს, რომ არ ემხრობა არჩევნებამდე ოპოზიციის ისეთ გაერთიანებას, რომელიც ელექტორატს დააშინებს. ამ კონტექსტში ჯაფარიძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე“ მიანიშნა, თუმცა არჩევნების შემდეგ, მისი თქმით, კოალიციის პრობლემა არ იქნება.
კუპრაძის შეფასებით, მათთვის მნიშვნელოვანია ალტერნატიულ ფლანგს წარმოადგენდეს.
“არსებობენ მოქალაქეები ამ ქვეყანაში, რომელთაც აქვთ კრიტიკული შეკითხვები დიდ პარტიებთან დაკავშირებით, მათ შორის, “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა. ამიტომ “ლელოსთვის“ მნიშვნელოვანია, რომ “ლელო“ წარმოადგენდეს ალტერნატიულ ფლანგს, ალტერნატიულ შინაარსს და იყოს დამზღვევი იმისთვის, რომ არ მოხდეს გადაბარება იმ სისტემური, დანაშაულებრივი ხარვეზების, რომელიც არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში და რომელიც აღარ უნდა გადაბარდეს მომდევნო ხელისუფლებას,“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას,“ პარტიაში განმარტავენ, რომ ისინი არამხოლოდ ეთანხმებიან ერთიანობის იდეას, არამედ ამ იდეის ინიციატორებიც არიან. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ოპოზიციური ერთიანობა იმ საზოგადოების დაკვეთაც არის, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდა.