უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი, რომელიც კანადამ დაჩქარებული წესით მიიღო, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ყველა ის კანონი, რომელსაც "ქართული ოცნება" მათი ინიციირებული კანონპროექტის იდენტურად მიიჩნევს, აბსოლუტურად სხვა კონტექსტის მატარებელია და მიმართულია მტრული სახელმწიფოებისკენ.
"ყველა ის პროექტი, რომელზეც "ოცნება" შეეცადა ეთქვა, რომ მსგავსია, არის აბსოლუტურად სხვა კონტექსტის მატარებელი და არ ეხება მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს. ეს პროპაგანდა უკვე აღარ ჭრის, ფაქტს ვერავინ ცვლის," - აცხადებს "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.
"ქართული ოცნება" ცდილობს, დაამტკიცოს იდენტურობა კანადურ და ფრანგულ კანონმდებლობასთან, ამით ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიხედვით] დასავლეთი მტერია, რადგან თუ კანადის და ფრანგულ მოდელებს ნახავთ, იქ მტრულად განწყობილი ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, რასაც წინ უძღოდა მთელი პროცესი. მათ შორის, მთავარი საფრთხე რუსეთი იყო," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ კანადაში მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში ამოქმედდება უცხოური გავლენის რეესტრი, ხოლო ვის მოუწევს ბაზაში დარეგისტრირება, ეს კონკრეტული რეგულაციებით დარეგულირდება. კანონი საშუალებას მისცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს უკეთ შეისწავლონ და განსაზღვრონ პოტენციური საფრთხეები, შექმნან მდგრადი სისტემა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, ასევე, მიიღონ აქტიური ზომები საფრთხის შემცველი საქმიანობისა და ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად. კანონის დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი არის 5 მილიონი კანადური დოლარი, 5 წლიანი პატიმრობა, ან ორივე ერთად.