16 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
ამერიკაში, საფრანგეთში, კანადაში გამჭვირვალობის კანონი თუ დემოკრატიის აღმასვლაა, ჩვენთან რატომ არის დაღმასვლა? - გურამ მაჭარაშვილი

ამერიკაში, კანადასა და საფრანგეთში გამჭვირვალობის კანონის მიღება თუ დემოკრატიის აღმასვლაა, საქართველოში რატომ არის დაღმასვლა? - ასე გამოეხმაურა "ხალხის" ძალის წევრი გურამ მაჭარაშვილი კანადაში უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის მიღებას, რომელსაც თბილისში პოლიტიკური დისკუსიები მოჰყვა.

მაჭარაშვილის თქმით, ქართული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ბევრად ლოიალურია, ვიდრე მთელს მსოფლიოში მიღებული სხვა მსგავსი კანონები.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთი წლის წინ გამჭვირვალობის შესახებ "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული კანონპროექტი უკვე ძალიან პოპულარულია მსოფლიოში და ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, ახლა უკვე კანადამ დაჩქარებული წესით მიიღეს. აქამდე არსებობდა ისრაელში, ამერიკაში და ა.შ. მართალია, ჩვენზე იყო დიდი ზეწოლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველომ მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ქვეყანაში მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კანონპროექტზე უფრო ხისტი და მძლავრი სანქციები არის ჩადებული, მათ შორის, კანადის მიერ მიღებულ კანონში, სადაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასა და პატიმრობაზეა საუბარი კანონის დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ჩვენს კანონში, რა თქმა უნდა, ერთადერთი, რაც არსებობს, არის ის, რომ დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში ჯარიმდება შესაბამისი იურიდიული პირი.

ფაქტი არის აუცილებლად აღსანიშნავი, რომ ქვეყნები თავად იღებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოს უშლიან ამ კანონის მიღებას. ეუბნებიან, რომ ეს არის დემოკრატიის დაღმასვლა და თუ მათ ქვეყანაში, ამერიკაში, კანადაში, საფრანგეთში დემოკრატიის აღმასვლაა გამჭვირვალობის კანონის მიღება, საქართველოში დაღმასვლა რატომ არის გამჭვირვალობის კანონის მიღება? ამას ვამბობთ ჩვენ, რომ ეს არის ზუსტად ე.წ. უცხოური ძალების გავლენა, რათა საქართველო იქცეს შავი ფულის ხარჯვის საშუალებად. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ამიტომაც მივიღეთ ეს კანონი,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კანადაში მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში ამოქმედდება უცხოური გავლენის რეესტრი, ხოლო ვის მოუწევს ბაზაში დარეგისტრირება, ეს კონკრეტული რეგულაციებით დარეგულირდება. კანონი საშუალებას მისცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს უკეთ შეისწავლონ და განსაზღვრონ პოტენციური საფრთხეები, შექმნან მდგრადი სისტემა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ, ასევე, მიიღონ აქტიური ზომები საფრთხის შემცველი საქმიანობისა და ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად. კანონის დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი არის 5 მილიონი კანადური დოლარი, 5 წლიანი პატიმრობა, ან ორივე ერთად.

დღის ამბები